X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა პარლამენტის კომიტეტს მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე ინფორმაცია მიაწოდეს

6 მაისი 2022

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლით სხდომაზე, კომიტეტის წევრებთან და რეგიონის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, კახეთის რეგიონში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილა.

კომიტეტის გასვლითი სხდომაში, რომელიც კახეთში, ქალაქ ლაგოდეხში გაიმართა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებიც მონაწილეობდნენ. 

სამინისტროს წარმომადგენლებმა სხდომის მონაწილეებს გააცნეს ინფორმაცია რეგიონსა და მუნიციპალიტეტებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის და სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტების შესახებ.

„2021 წელს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, კახეთისთვის, ჯამში 49,719,606 ლარი გამოიყო, რაც 161 პროექტის დაფინანსებას მოხმარდა. მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან კი, 3 პროექტის დასაფინანსებლად რეგიონს 1,170,921.00 ლარი გადაეცა. 4 მილიონ 224 ათასი ლარი მიიმართა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, რომელიც 352 პროექტის დაფინანსებას მოხმარდა. რაც შეეხება 2022 წელს, უშუალოდ სამინისტრო კახეთის რეგიონში 112 პროექტს ახორციელებს, რასაც 1.4 მილიარდი ლარი მოხმარდება. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან კახეთში 103 პროექტის დასაფინანსებლად 30 მილიონი ლარზე მეტის გამოყოფა იგეგმება. მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან კი, მიმდინარე წელს 9 პროექტის, ხოლო სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში - 369 პროექტის დაფინანსებაა დაგეგმილი“,- განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.

კახეთის მუნიციპალიტეტებში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის თაობაზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი წერეთელმა ისაუბრა. მისი ინფორმაციით, დასრულდა ბაკურციხე-თელავი-ახმეტას საავტომობილო გზის 15-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, რომლის საშუალებითაც გურჯაანი-ბაკურციხის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს ქალაქ გურჯაანში და მიმდებარე 6 სოფელში გავლა აღარ მოუწევს.

„2021 წელს კახეთის რეგიონში განხორციელდა 2 ნაპირსამაგრი, 3 ხიდის რეაბილიტაცია-მშენებლობა და 112 კმ-მდე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია. კახეთის რეგიონში, რეაბილიტაციის ფარგლებში, ჯამში 56 170 372 ლარის ღირებულების 17 პროექტი მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც 67.7 კმ გზის რეაბილიტაცია, 5 ხიდის მშენებლობა/რეაბილიტაცია და 8 ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდება. 2022-23 წლებში, სახელმწიფო ბიუჯეტით, გზების შეკეთების სამუშაოებისათვის დაახლოებით 183 მილიონამდე ღირებულების სამუშაოების ჩატარება იგეგმება. აქედან, 2022 წელს რეაბილიტაცია/პერიოდული შეკეთება დაახლოებით 80 კმ-მდე საავტომობილო გზას და 9 ხიდს ჩაუტარდება“, - განაცხადა გიორგი წერეთელმა.

მან კახეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კახეთის ჩქაროსნული მაგისტრალურის 95 კილომეტრიანი გზის მშენებლობის ფარგლენში, თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს. მისივე განცხადებით, 2030 წლამდე კახეთის რეგიონში 2 მილიარდამდე ლარის ინვესტირება იგეგმება, რაც მთელი რეგიონის საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას მოხმარდება.

მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ რეგიონში განხორციელებულ სამუშაოებზე ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ, გიორგი ციბაძემ ისაუბრა. ფონდის ჯამური ინვესტიცია 255.2 მილიონი ლარია, საიდანაც 42 მილიონ ლარზე მეტის სამუშაოები უკვე შესრულდა. გიორგი ციბაძემ რეგიონში სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის, საბავშვო ბაღების და სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის გაწეულ სამუშაოებზე და დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა.

„2021 წელს კახეთის რეგიონში 8 პროექტი დასრულდა, რომელთა ღირებულებამაც 10 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. აღნიშნული პროექტების დაფარვის არეალში მოექცა 3 ქალაქი - სიღნაღი, ლაგოდეხი, წნორი და 4 სოფელი. შედეგად, 13 ათასზე მეტ ბენეფიციარს გაუჩნდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 24-საათიანი წყალმომარაგების სისტემით სარგებლობის შესაძლებლობა“, - განაცხადა „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორმა, ალექსანდრე თევდორაძემ კახეთის რეგიონში კომპანიის მიერ განხორციელებულ პროექტებზე საუბრისას. მისივე ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით კახეთის რეგიონში 28 პროექტი მიმდინარეობს, რომელთა ჯამური ღირებულება დაახლოებით 297 მილიონი ლარია, საიდანაც 27 პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტით ხორციელდება, ხოლო 1 საერთაშორისო დონორების მიერაა დაფინანსებული.

შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორის, გიორგი შუხოშვილის განცხადებით, 2021 წელს კომპანიამ თელავში ერთი ნაგავსაყრელის რეაბილიტაცია-კეთილმოწყობა დაასრულა, რაზეც 2021 წელს დაახლოებით 115 ათასი ლარი მიიმართა. 2022 წელს კი, კომპანია სამ პროექტს ახორციელებს, რასაც 800 ათას ლარამდე მოხმარდება.  ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტენდერი კახეთის მუნიციპალიტეტების ტექნიკური აღჭურვილობის შესაძენად, რომლის ფარგლებში, 5700-ზე მეტი კონტეინერის, 24 ნაგავმზიდის და 10 პიკაპის ტიპის ქუჩის დასუფთავების მანქანის შეძენა იგეგმება.

გასვლითი კომიტეტის სხდომაზე განხილული საკითხები და შესაბამისი სამსახურების მიერ წარდგენილი ინფორმაცია კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა შეაჯამა.